Monday 6 October 2014

ჩაჩნები

ჩაჩნების თვითსახელწოდებაა "ნოხჩო", "ნოხჩი". რუსები და სხვა ხალხები მათ "ჩეჩნების" სახელწოდებით იცნობენ. 
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ქართულ ენაში ტრადიციული ჩაჩნების, ჩაჩნეთის ნაცვლად გამოიყენება ჩეჩნები და ჩეჩნეთი. ტერმინები XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა იმის გამო, რომ ჩაჩანს ქართულ ენაში სხვა შინაარსიც გააჩნია.

XVIII-XIX საუკუნეებში ყველა ქართულ წერილობით ძეგლში მხოლოდ ჩაჩნები და ჩაჩნეთია დაფიქსირებული. ჩრდილოელი მეზობლებიც ჩაჩან ფორმას ანიჭებენ უპირატესობას. მიგვაჩნია, რომ ქართველებმა ტრადიციულ ტერმინებს უნდა ვუერთგულოთ. 


ქართველებისათვის ჩაჩნები (ინგუშებთან ერთად) "ქისტები" იყვნენ. თუმცა ქართული წყაროები მათ სხვა ეთნონიმითაც იცნობენ. ქართულ წყაროებში ეთნონიმ "ქისტს" "დურძუკი" უსწრებს. ქართლის მეფე საურმაგმა, როდესაც ერისთავები აუჯანყდნენ, შფოთის ჩასახშობად დედის ძმის ქვეყანას, დურძუკეთს მიმართა და ასე დაამარცხა ერისთავები. საურმაგს, იმის გამო, რომ დურძუკეთი გადამეტსახლებული იყო, ადგილობრივთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მთიანეთში, დიდოეთიდან სვანეთამდე დაუსახლებია. 

KvirisPalitra.Geმონღოლ-თათრებთან ბრძოლაში მეფე რუსუდანს სხვა კავკასიელ მთიელებთან ერთად დურძუკნიც გამოუყვანია. ვახუშტი ბაგრატიონი დურძუკებთან ერთად ქისტებსა და ღლიღვებსაც (ინგუშებს) ასახელებს. XVIII საუკუნის დასაწყისში ქართველებისათვის ეთნონიმი "ჩაჩანიც" ცნობილი იყო. იგი მომდინარეობს მდინარე არღუნის ნაპირას მდებარე სოფლის, ჩაჩანაულის სახელწოდებიდან. რადგანაც რუსები ამ ეთნოსს პირველად აღნიშნული სოფლის საშუალებით გაეცნენ, სოფლის სახელწოდება მთელ ხალხზე გადაიტანეს. 

1989 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 899 ათასი ჩაჩანი იყო აღრიცხული. საერთო რაოდენობას კი 957 ათასს აღნიშნავდნენ. გარდა ჩაჩნეთისა, ისინი მკვიდრობდნენ დაღესტანში (58 ათასი), სტავროპოლის მხარეში (15 ათასი), ვოლგოგრადის ოლქში (11,1 ათასი), ყალმუხეთში (8,3 ათასი), ასტრახანისა და ტიუმენის ოლქებში (შესაბამისად 6 და 4,6 ათასი), ჩრდილოეთ ოსეთში (2,6 ათასი). დიდი რაოდენობით არიან ყაზახეთში (49,5 ათასი).

ჩაჩნეთში ორი დიდი მდინარე მოედინება - თერგი და სუნჯა. მთაში ჩაჩნეთს ორი მძლავრი ნაკადი - ჩანტი-არღუნი და შარო-არღუნი კვეთს, რომლებიც ერთმანეთს ბარში უერთდებიან. XX საუკუნის 20-იან წლებამდე ჩაჩნეთს ორ ნაწილად ყოფდნენ: დიდი ჩაჩნეთი და მცირე ჩაჩნეთი. 

ჩაჩნები მთიელებად მიაჩნიათ, მაგრამ ისინი ბარშიც ოდითგანვე მკვიდრობდნენ. ძველ ჩაჩნებს ათვისებული ჰქონდათ არა მხოლოდ კავკასიონის ქედის ჩრდილოეთი კალთები, არამედ კავკასიისწინეთის სტეპებიც. პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ჩაჩნებმა ბარში მკვიდრობა დროებით შეწყვიტეს. ისინი კავკასიის მთებში საბოლოოდ მონღოლთა შემოსევების დროს შესახლდნენ. ჩაჩნები ძირითადად მთებში ცხოვრობდნენ. დაბლობში პირველი ჩაჩნური დასახლებები XIV-XV საუკუნის მიჯნიდან გაჩნდა. პირველი მიგრანტები აკიის მთებიდან (ნაშხადან) მოსულები იყვნენ. თავდაპირველად ჩაჩნები სუნჯის, არღუნისა და მათი შენაკადი ხეობების დაბლობში ეფუძნებოდნენ. შემდეგ კი თანდათან მთელი დიდი ჩაჩნეთის დაბლობი დაიკავეს, ბოლოს კი ჩაჩნური სოფლები გრებენელ კაზაკთა ტერიტორიების მეზობლად წარმოიქმნა. 

KvirisPalitra.Geჩაჩნები კავკასიის ძველი, ადგილობრივი მკვიდრი ხალხია. თუმცა 2004 წელს მოსკოვში დაბეჭდილ ერთ-ერთ მონოგრაფიაში (ოსი ავტორი მარკ ბლიევი) ისინი კავკასიის არამკვიდრ, მოსულ მოსახლეობადაა მიჩნეული(?!). აშკარაა ისტორიის გაყალბების მცდელობა. საერთოდ, ჩაჩნები თავიანთ წარმომავლობას გოლიათ ნოხჩეს (ნახჩის) უკავშირებენ. სხვა ლეგენდა ჩაჩნების წარმომავლობას ორ ძმას: ჩარმოს და შოთოს უკავშირებს. ჩაჩნებს სხვა გენეალოგიური ლეგენდებიც აქვთ. ჩაჩნების ერთი შტოს ჩანთელთა (ანუ ითუმელთა) საფუძვლის ჩამყრელი იყო საქართველოდან გადმოსახლებული ითუმ ლიუნგიევი. შაროელ ჩაჩნებს ჰქონდათ გადმოცემა სირიული წარმომავლობის შესახებ. 

XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩაჩნებმა გადაინაცვლეს თერგის მარჯვენა სანაპიროდან აღმოსავლეთის მიმართულებით სუნჯისა და თერგის მონაკვეთზე მდინარეების გუდერმესსა და ფორთანგოს შორის. მთისწინეთსა და ბარში მთელი ასწლეულის განმავლობაში ჩაჩნური მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა. მიგრანტების ნაწილი "აუხოელთა", აკიელების სახელითაა ცნობილი. ისინი დღეს ძირითადად დაღესტნის ტერიტორიის მკვიდრნი არიან და ლაპარაკობენ ჩაჩნური ენის აკიურ დიალექტზე. აკიელი (აუხოელი) ჩაჩნები მდინარე გეხის სათავეებიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები არიან. ყუმუხების მეზობლად XVI-XVIII საუკუნეებში მდინარე იამან-სუსა და იარიკუს დაბლობთა გასწვრივ კაჩკალთა საზოგადოების ჩაჩნები დასახლებულან. აუხოელთა აულების ჩაჩნებით დასახლება XIX საუკუნესა და უფრო გვიან, 1940-იან წლების დასაწყისამდეც გრძელდებოდა. 

KvirisPalitra.Geაკიელების (აუხოელების), კაჩკალთა, კარაბულაკების გარდა, ჩაჩნეთში სხვა საზოგადოებებიც არსებობდა. ჩაჩნეთის აღმოსავლეთში მდინარეების ხუხ-ლულაუს და აკსაის სათავეებში მდებარეობდა მხარე, რომელსაც ჩაჩნები ნოხჩი-მოხკს ("ნოხჩელთა მიწას") უწოდებდნენ; ის იჩქერიის სახელწოდებით იყო ცნობილი. იჩქერიის სამხრეთით კაზენო-ამის ტბის ირგვლივ მდებარეობდა ჩებერლის საზოგადოება. არღუნის აუზის მთიან ზონაში განლაგებული იყო შატოს, მაისტის, შაროს, მალხისტის, ტერლოს, ნაშხოს საზოგადოებები (ტერიტორიული თემები). გალანჩოჟის ტბასთან და მდინარე გეხის ზემო წელში ცხოვრობდნენ გალაშელები და მთიელი აკიელები. კარაბულაკები (ორსტხოელები) მდინარე ფორტანგის ხეობაში ინგუშეთისა და ჩეჩნეთის საზღვარზე ცხოვრობდნენ.

საუკუნეების განმავლობაში მთის ჩაჩნურ საზოგადოებებს ქართველ მთიელებთან (ხევსურებთან, ფშაველებთან, თუშებთან) ჰქონდათ ურთიერთობა. მალხისტის (მითხოსა) და მაისტის საზოგადოებებთან მიგრაცია ორმხრივი იყო. როგორც ჩაჩანი მოსახლეობა გადმოსახლდებოდა საქართველოს მთიანეთში, ისე ქართველი მთიელებიც მიგრირდებოდნენ. საქართველოს მთიანეთში არაერთ გვარს შევხვდებით, რომლებსაც ჩაჩნური წარმომავლობა აქვთ. მეფე საურმაგის დროს დურძუკების საქართველოს მთიანეთში თუ ერთდროული ჯგუფური გადმოსახლება მოხდა, შემდეგი მიგრაციები ძირითადად გაჟონვითი, ინდივიდუალური იყო. თუმცა XIX საუკუნის შუა ხანებში ჩაჩნები (და ინგუშები) საქართველოში, პანკისის ხეობაში კომპაქტურად ჩამოსახლდნენ. გერმანელი მეცნიერის არტურ ზისერმანის მოწმობით, მითხოს საზოგადოება ხევსურეთის სოფელ შატილიდან 10 ვერსზე მდებარეობდა და მასში ექვსი პატარა სოფელი შედიოდა. ამ საზოგადოების მოსახლეობის შესახებ ზისერმანი აღნიშნავდა: 

"ისინი ქრისტიანებს ურჯულოებს უწოდებენ, მაგრამ თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის, არ იციან მუსლიმთა ლოცვა - ნამაზი, არ ჭამენ ღორის ხორცს, არ ჰყავთ მოლები და არა აქვთ მეჩეთები". მეორე გერმანელი მეცნიერი გუსტავ რადე კი მითხოელთა 10 სოფელს ასახელებს, რომლებიც მდინარე არღუნის მარცხენა შენაკად მითხოსწყალზე მდებარეობდნენ. იმ დროს აქ სულ 174 კომლი ყოფილა. 1886 წლის საოჯახო სიებით მალხისტის (მითხოს) 11 სოფელი თიანეთის მაზრაში შედიოდა (ეს მხარე ისტორიულადაც საქართველოს ეკუთვნოდა; იოანე ბაგრატიონი მას სადედოფლო სოფლებად მოიხსენიებს). საყურადღებოა, რომ აღწერის დავთარში ამ საზოგადოების მკვიდრნი შემდეგი გვარებით არიან ჩაწერილი: ალბაკაური, აშიგაური, ბარჩაული, გადურგაული, ბაკაშაური, გადუმაური, დადიკური, ზანტაური, კარსამაული, მუხაური, ხაიაური... გვარ-სახელები წარმოდგენილია საქართველოს მთის გვარ-სახელებისათვის დამახასიათებელი -ურ (-ულ) სუფიქსით, რაც ჩაჩნებსა და ქართველ მთიელთა ისტორიულად არსებული ეთნოკულტურული ურთიერთობების მიმანიშნებელი უნდა იყოს.

ეკატერინე II-ის მმართველობის ბოლო წლებში რუსეთის არმიამ თერგის მარცხენა მხარე დაიკავა და ყაბარდო-ჩაჩნეთის საზღვრის მიმართულებით, მოზდოკიდან ვლადიკავკაზამდე სამხედრო სიმაგრეები ააგო. ამან ჩაჩანთა განმათავისუფლებელი მოძრაობა გამოიწვია. 1819 წელს რუსეთის არმიამ მიწასთან გაასწორა თერგის მარჯვენა ნაპირზე მდებარე აული დადი-იურტი. მცხოვრებთა უმეტესობა (400 კაცი) დახოცეს. არც რუსებს დასდგომიათ კარგი დღე - გენერალ ერმოლოვის მიერ გამოგზავნილი დამსჯელი რაზმის 230 ჯარისკაცი და ოფიცერი შეეწირა ამ ბრძოლას. რუსების ამ მოქმედებამ ჩაჩანთა თარეში გაახშირა. 1825 წელს, თერგზე მდებარე ერთ-ერთი სიმაგრე ჩაჩნებმა მიწასთან გაასწორეს - 181 კაციდან 98 მოკლეს და 13 ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით, 1832 წელს გენერალმა როზენმა ჩაჩნეთსა და ინგუშეთში 60 აული გაანადგურა. 

1834 წელს ჩაჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა თეოკრატიული ხელისუფლება - შამილის იმამატი. რუსეთის არმიის სისტემატური თავდასხმების გამო 1841 წლისთვის ჩაჩნეთის დაბლობის აულების უმეტესობა გადამწვარი იყო. რუსებმა მთიელი ჩაჩნებისა და ხუნძების წინააღმდეგ დიდი ძალები გადაისროლეს. მარტო 1845 წელს ერთი ლაშქრობის დროს 3900-მდე ჯარისკაცი დაკარგეს. დაღუპულთა შორის 3 გენერალი იყო. ხანგრძლივი და მომქანცველი ბრძოლის შემდეგ, 1859 წელს ჩაჩნები და დაღესტნელები დამარცხდნენ. მას შემდეგ, ოსმალთა იმპერიაში, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად ჩაჩნები და ინგუშებიც გადასახლდნენ (დაახლოებით 20 ათასი კაცი). მიუხედავად ამისა, ჩაჩნები კოლონიურ მდგომარეობაში ყოფნას მაინც არ ურიგდებოდნენ, აგრძელებდნენ პარტიზანულ ბრძოლას, ჯანყდებოდნენ დროდადრო. ერთ-ერთი აჯანყება 1877 წელს მოხდა. მის აულების გადაწვა, 11 კაცის გროზნოში ჩამოხრჩობა და 500-ზე მეტის ციმბირში გადასახლება მოყვა. ამის შემდეგ ჩაჩნები აბრაგობის გზით აგრძელებდნენ რუსების წინააღმდეგ ბრძოლას.

1921 წლის იანვარში გაერთიანებული ჩაჩნეთ-ინგუშეთი მთიანეთის ავტონომიურ ოლქში შეიყვანეს, 1922 წელს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ჩაჩნეთის ავტონომიური ოლქი. 1934 წელს შექმნილი ჩაჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი 1936 წელს გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად. 1922 წელს ჩაჩნეთს კავკასიური ომების დროს წართმეული მიწები დაუბრუნეს. 1944 წელს ჩაჩნეთ-ინგუშეთი გააუქმეს და მისი მოსახლეობა შუა აზიასა და ყაზახეთში იძულებით გადაასახლეს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გადასახლების პირველ წელს, შიმშილის, სიცივისა და ავადმყოფობისგან დაიღუპა. 1944 წელს გაუქმებული ჩაჩნეთ-ინგუშეთის ავტონომია 1957 წელს კვლავ აღადგინეს. მოსახლეობა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნეს, მაგრამ ჩაჩნეთის რამდენიმე მთიან რაიონში ცხოვრება აეკრძალათ და დაბლობის აულებისა და კაზაკთა სტანიცებში დაასახლეს. 

1991 წლის სექტემბერში ჩაჩანი ხალხის საერთონაციონალურმა კონგრესმა ჩაჩნეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი გამოაცხადა. 1992 წელს შემოიღეს პრეზიდენტის პოსტი. ეს აქტები რუსეთის ფედერაციამ არ ცნო. 1994 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციამ ჩაჩნეთში შეიარაღებული ძალები შეიყვანა, რამაც სისხლისმღვრელი ბრძოლები გამოიწვია. 1996 წელს პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ომი შეწყვიტა და ჩაჩნეთიდან ჯარი გამოიყვანა. ზოგიერთი მონაცემით, რუსეთ-ჩაჩნეთის ომის დროს დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 80 ათასი იყო, დაჭრილებისა - 240 ათასი. 1999 წელს იმის გამო, რომ შეიარაღებულ ჩაჩანთა რაზმი დაღესტანში შეიჭრა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაღესტანსა და ჩაჩნეთში არმიის ძლიერი ნაწილები გადაისროლა. რუსების მიერ ჩაჩნეთში ჯარის შეყვანას კვლავ ათასობით კაცის სიცოცხლე შეეწირა. პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმაც ჯოხარ დუდაევის ბედი გაიზიარა, ხანგრძლივი დევნის შემდეგ ის მოკლეს. რუსულ-ჩაჩნური ურთიერთობები დღესაც მოუწესრიგებელია. 

(დასასრული შემდეგ პოსტში)რონალდ თოფჩიშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

No comments:

Post a Comment